მე ნატალია ვარ, პირველად ვარ სხვა ბლოგზე სტუმრად და ცოტა ვღელავ :) საერთოდ, ყოველთვის ვნერვიულობ როცა ვიღაცასთან პირველად მივდივარ..
რამდენიმე დღეა უკვე ვფიქრობ, რა თემაზე დავწერო პოსტი - მაგალითად, დილით ლექციაზე რომ მივდივარ და მზეს ვუყურებ მაშინ, ან უმიზნოდ რომ დავხეტიალობ ნეტში მაშინაც :) ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ სულაც არ მინდოდა წინასწარ დაგეგმილი პოსტის დაწერა და აი, წინასწარ მხნეობისთვის ყავა დავლიე, შოკოლადი დავაყოლე კაპუჩინოს არომატით და მივუჯექი კომპიუტერს.
გარეთ გაზაფხული იგრძნობა უკვე - თბილი, ოდნავ ჩახუთული საღამოა და ჰაერში ყვავილების სურნელი ტრიალებს. გუშინ გაჩერებაზე რომ ვიდექი, სწორედ ამ სუნმა გამომაფხიზლა, ზევით ავიხედე და თურმე ხის ქვეშ ვიდექი, ყვავილებით რომ იყო გადაპენტილი და გარშემო საოცარ სურნელს აფრქვევდა.. მერე გარშემო მოვათვალიერე - ქუჩაში ხალხი სეირნობდა და აქა-იქ სიცილი ისმოდა, თბილოდა და ადამიანებს ერთად ყოფნა უნდოდათ.
აი, დაახლოებით ასეთია თბილისი გაზაფხულით. საინტერესოა, რა ხდება ამ დროს ბარსელონაში :)
დიდი მადლობა ანას მოწვევისთვის <3
viernes, marzo 26, 2010
Suscribirse a:
Entradas (Atom)